მეწარმეობა, როგორც მშობლობა…

    მეწარმეობა, როგორც მშობლობა…

    1064
    0

    „Time is not only money. Time is life. Honor it…“

    წავიკითხე ეს ფრაზა ერთ-ერთ ინსაითში და დავფიქრდი, რამდენად მნიშვნელოვანია დროის სწორად გამოყენება და კონკრეტულ პერიოდში იმ საქმის კეთება, რომელიც იცი რეალურად ღირებულია შენთვის.

    სკოლიდან მახსოვს დროის დაახლოებითი განმარტება, რომ ეს არის პერიოდი, რომელშიც რაღაც მოვლენები მიმდინარეობს წარსულიდან მომავალში, აწმყოს გავლით. როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, მართლა ასეა.

    შესაბამისად, იმისთვის რომ მომავალში განვახორციელოთ დასახული მიზანი, საჭიროა გასავლელი პერიოდის მანძილზე თითოეული ნაბიჯი სწორად გადავდგათ ჩვენი მიზნის მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა საქმიანობა, რომელიც ამ ხაზს გადაცდება, დაგვაშორებს მიზანს იმავე დროით, რა პერიოდითაც გადავუხვიეთ მას.

    „დრო ფულია!“ „დააფასე დრო!“ „ასაკის მატებასთან ერთად, დრო უფრო და უფრო სწრაფად გადის!“ ბევრისგან მსმენია ეს და მსგავსი ფრაზები და ნელ-ნელა ჩემ სასაუბრო ლექსიკონსაც ემატება… შეიძლება „ცხოვრებამ მასწავლა“, ან საკუთარ თავზე გამოვცადე დროის უკმარისობა და მაგის ბრალია.

    თუმცა, რასაც ვუკვირდები, დროის სწრაფად გასვლისა და „მოსწრების“ ერთ-ერთ მტკივნეულ მაგალითად პირადი ცხოვრების აწყობა მოჰყავთ. რას ელოდები, დროზე შექმენი ოჯახი და შვილი იყოლიეო, ალბათ მარტო ჩემთვის არ უთქვამთ. მე კი, შემიძლია ზუსტად იგივე ვუთხრა ადამიანს, რომელსაც მეწარმეობის სურვილი ამოძრავებს და ეგ ნაბიჯი ვერ გადაუდგამს და ვინმე ან რამე აფერხებს… ჰეი, დრო მიდის, რაღას ელოდები? შექმენი შენი საქმე, სანამ ახალგაზრდა ხარ, სანამ ამის სურვილი გაქვს, სანამ ვინმე წაგართმევს იდეას, სანამ გულით გინდა, სანამ შეგიძლია იპოვო პარტნიორი, ვისთან ერთადაც შექმნით საკუთარ საქმეს (თუ არის საჭირო).

    ბიზნესის ქონა/ყოლა შვილისგან დიდად კი არ განსხვავდება. სანამ პატარაა და გაიზრდება, მასაც ღამეები უნდა გაუთიო და ფეხის ადგმა ასწავლო, ზოგჯერ შესაძლოა „საკუთარი ლუკმაც გაუყო“. წარმოიდგინე, მისითაც როგორ ამაყობ მეგობრებსა და ნათესავებში და როგორ გიყვარს ეგოისტურად. კი, შენი ბიზნესი შენი შვილია, რომელსაც სულს ჰბერავ და ცდილობ იგივე კულტურა შექმნა მასში და მის გარშემო, რა მსოფლმხედველობაც შენ გაქვს. ის ისეთი შვილია, რომელიც შენ პირად გამოცდილებას გამოიყენებს და არასოდეს გეტყვის, საკუთარ თავზე მინდა გამოვცადო იგივე მარცხიო.

    ბიზნესის ქონის დროსაც შეგიძლია გყავდეს პარტნიორი, ბიზნეს პარტნიორი, რომელთან ერთადაც გაზრდი და აღზრდი წარმატებულ, სასახელო, მისაბაძ კომპანიას, შვილს, რომელსაც დაარქმევ სახელს, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდება. კი, ზუსტად შენ შეგიძლია შექმნა და სული შთაბერო ორგანიზაციას, რომელიც იქნება ყველაზე განსხვავებული, გამორჩეული, ერთადერთი, მისაბაძი. მისი მეშვეობით, მასთან კავშირით შეგიძლია გაიცნო მისი გაზრდისთვის მოფუსფუსე ადამიანები, ან დაახლოებული პირები, რომელთაც შენც გაუზიარებ შენსას და მათგანაც ისწავლი ბევრ ახალს.

    და შესაძლოა დადგეს დრო, როცა იტყვი, რომ შენი ბიზნეს შვილი უკვე გაიზარდა, შეუძლია დამოუკიდებლად ჭამა და სიარული, ან უბრალოდ გინდა შენ ქვეყანას კიდევ ერთი ბიზნეს სიცოცხლე შეჰმატო ან კიდევ, მოგენატრა სტარტაპის აღზრდა. აუცილებლად უნდა დაიწყო ფიქრი და მზადება მეორე, მესამე, ან მეტი ბიზნესის შესაქმნელად.

    ასეთ დროს კი, შეგიძლია კითხვაზე, თუ როდის აპირებ ოჯახის შექმნას, უპასუხო, რომ „ის უკვე არსებობს“.

    ასე რომ, ნუ გაწელავ დროს სტარტაპის შესაქმნელი ნაბიჯის გადასადგმელად. შეიძლება კარგ სამსახურშიც მუშაობ, კარგი ანაზღაურებაც გაქვს და კარგი კოლექტივიც, მაგრამ დგება დრო, როცა გინდა გქონდეს საკუთარი… და თუ იცი, რომ შენ ხარ მეწარმე ადამიანი, გააკეთე ეს გუშინ, დღეს და ნუ გადადებ ხვალ… „დაკარგულ დროს ვერ დააბრუნებ“… და რაც უფრო გადადებ, მით უფრო ჩამოშორდები შენ ქმნილებას. მით უფრო გვიან გაიცნობ და ჩაიხუტებ მას.

    „Don’t waste your time
    Or time will waste you“…

    კომენტარი არ მოიძებნა

    Comments are closed.